

2023 წლის ოქროს ბიჭუნას ჯილდოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
გამარჯვებულის გამოვლენისას გარკვეული დოზით გულშემატკივრების ხმებსაც ითვალისწინებენ. ამ მხრივ, კატალონიის "ბარსელონას" 19 წლის ვარსკვლავს, ალეხანდრო ბალდეს ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბალდეს წინააღმდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსის, ტეილორ სვიფტის ფანები ამხედრდნენ.
ესპანელმა ფლანგელმა განაცხადა, რომ სვიფტის მუსიკა არ მოსწონს, რასაც შეიძლება ახლა ნანობდეს კიდეც.
ბალდე გამოკითხვას 60%-იანი მაჩვენებლით ლიდერობდა, მის უახლოეს მდევარ ჯუდ ბელინგემს კი ხმების 30% ჰქონდა.
როცა ტეილორის ფანებმა გადაწყვიტეს, ერთხმად დაეჭირათ მხარი ჯუდისთვის, სულ რაღაც 7 წუთში მადრიდის "რეალის" ინგლისელ ნახევარმცველს 100 ათასი ხმა დაემატა და პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
გამოკითხვის ერთპიროვნული ლიდერი ახლა სწორედ ბელინგემია, რისთვისაც მან მადლობა ტეილორ სვიფტის გულმხურვალე მხარდამჭერებს უნდა გადაუხადოს.



