

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის ფინალს ითამაშებს, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა უკვე იცის, თუ რისი გაკეთება იქნება საჭირო "სამეფო კლუბის" დასამარცხებლად. გამოყოფილია 4 ძირითადი ამოცანა.
ბურთის ფლობა და დომინანტურ პოზიციაში ყოფნა
"რეალისთვის" მოედნის ცენტრის მოგება
დაცვაში ინდივიდუალური შეცდომებისგან თავის არიდება
4-ნახევარმცველიანი სქემით თამაში
ხვალ რომ მოედანზე 4 ნახევარმცველი იდგება, ამას იმეორებს Mundo Deportivo-ც. წყაროს თანახმად, ფრენკი დე იონგსა და ილქაი გიუნდოგანს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვთ, დარჩენილი 2 პოზიციისთვის კი ფერმინ ლოპესი, სერხი რობერტო და პედრი იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, როცა "ბარსამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" პირწმინდად დაჩაგრა (3:1), ჩავიმ გუნდი ასევე 4 შუახაზელით ათამაშა.
ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 23 სააათზე დაიწყება.